საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს, საქართველოს პარლამენტში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიწვეული იყო და ესწრებოდა, საინფორმაციო სააგენტო „ოკრიბანიუსის“ წარმომადგენელი.
„იყო ინიციატივა რომ გამართულიყო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინიციატივა მივიღეთ და დღეს იმართება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ჩვენთვის თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეტოს გადალახვა. ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი არის ის, რომ მივიღოთ დახვეწილი კანონი, რომელიც საქართველოში მაუწყებლობის საკითხებს და მათ შორის, კონკრეტულად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის საკითხებს მოაწესრიგებს,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილ აზრთა სხვადასხვაობასა და არსებულ არგუმენტებზე გაამახვილა. მისი თქმით, იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ კანონპროექტის გარშემო, მოსაზრებები გაიყო ქართული ოცნების შიგნითაც. იყო გარკვეული ჯგუფი დეპუტატებისა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ან თავი შეიკავეს კანონპროექტის მხარდაჭერისგან ასევე იყო სხვადასხვა მოსაზრებები საზოგადოებაში და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოხდეს მსჯელობა კანონპროექტის გარშემო და არგუმენტების წარმოდგენა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ შესაბამისი მსჯელობისა და წარმოდგენილი არგუმენტების გაცვლის შემდეგ იქნა მიღებული დისკუსიაში, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შედგა.
„საბოლოო ჯამში პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ საკმარისი არგუმენტები ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რომელიც ამ კანონპროექტის მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილ კანონს პოლიტიკური ეფექტი არ აქვს და მისი მიღება ან არ მიღება მმართველი პარტიის პოზიციებზე ვერანაირად ვერ აისახება. მისი თქმით, მმართველ პარტიას სუბიექტური, პოლიტიკური ინტერესი ამ კანონის მიმართ არ აქვს.
„არის კანონპროექტები, რომელთა ამა თუ იმ სახით მიღება ასახვას ჰპოვებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პოზიციებზე. შეიძლება მიიღო გარკვეული კანონი, რომელიც დადებითად აისახება მმართველი პარტიის პოზიციებზე, უარყოფითად ოპოზიციის პოზიციებზე, ან პირიქით. მე ვფიქრობ, ეს არ არის ის შემთხვევა. პოლიტიკური ეფექტი ამ კანონს ასეთი არ აქვს. ამ კანონის მიღებით ან არ მიღებით, მმართველი პარტია თავის პოზიციებს ვერც გაიუმჯობესებს, ვერც დაისუსტებს. შესაბამისად, პოლიტიკური კონტექსტისგან არის გამოცლილი ეს დისკუსია. პოლიტიკური ფონი ამ კანონპროექტს არ აქვს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ვეტოს ტექსტში არ არის სათანადო და საკმარისი არგუმენტები და ამასთან, არის ფაქტობრივი უზუსტობები.
„აქ ველოდებოდით ჩვენ არგუმენტებს, რომლებიც დაასაბუთებდა კანონპროექტის მიზანშეუწონლობას, თუმცა, არგუმენტები არ არის არანაირი წარმოდგენილი, სამწუხაროდ. ვეტოს ტექსტში მოცემულია ფაქტობრივი უზუსტობები. ჩვენ გვინდა მყარი არგუმენტები იმისათვის, რომ პოზიცია შევიცვალოთ და უარი ვთქვათ ამ ინიციატივაზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კონკრეტული მაგალითების წარმოდგენის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებისა და რეიტინგის შეუსაბამობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს არის სერიოზული პრობლემა და რეიტინგის რაციონალურ ფარგლებში ზრდის მიმართულებით რადიკალური გადაწყვეტილებებია მისაღები..
„ჩვენ უნდა მივიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომ თეორიულად უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არ ჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ, რომ 50 მილიონი პროცენტ ნახევარში, არ უნდა გადაიხადო. ან უნდა ხელი ავიღოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავაუქმოთ საერთოდ ეს მაუწყებელი, ან ეს პროცენტ ნახევარი, რომელშიც ვიხდით 50 მილიონს, უნდა გავხადოთ 5 %, 6 % 7%, რამდენიც გამოვა. ანუ, საუბარია, რეიტინგის ზრდაზე, რაციონალურ ფარგლებში. არ უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა თქმა უნდა, კერძო მაუწყებლობის კონკურენტი, თვისებრივი, ასე ვთქვათ, ხარისხით, მაგრამ, ის უნდა იყოს გარკვეული სახით მონაწილე ამ კონკურენციით რაციონალურ ფარგლებში და მას უნდა ჰქონდეს რაციონალური რეიტინგი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არ არის წარმოდგენილი სათანადო და მყარი არგუმენტები იმ სადაო საკითხებთან დაკავშირებით, რითაც კანონპროექტის ოპონენტები ოპონირებენ, მათ შორის, კლებადი ბაზრის, შესყიდვების თემის, უთანასწორო პირობების დაწესების საკითხებთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციული დამოუკიდებლობის თემაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კონსტიტუციაშიც კი გაკეთდა ჩანაწერი არსებითი კომერციული დამოუკიდებლობის შესახებ.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი. ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, ოღონდ ერთი სიტყვის დამატებით. ეს არის არსებითი კომერციული დამოუკიდებლობა და ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. პირდაპირი რეკომენდაცია მოგვცეს ჩვენ ვენეციის კომისიის ექსპერტებმა მაშინ, რომ დაგვემატებინა კომერციულის წინ სიტყვა არსებითი, იმიტომ, რომ მათი მიდგომის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ყოფილიყო მთლიანად თავისუფალი კომერციული გავლენისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკლამის კომპონენტი ვერ იქნებოდა. პირდაპირ, სიტყვა სიტყვით რაც გვითხრეს, იმას ვიმეორებ, ანუ, მათ გვირჩიეს ჩვენ, რომ სიტყვა „არსებითი“ დაგვემატებინა კონსტიტუციაში, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონოდა რეკლამის მიღების შესაძლებლობა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ სარეკლამო ბაზარში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილის მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიციას იმის თაობაზე თ რამდენად შეიძლება არსებულმა მოცემულობამ აღნიშნული კუთხით მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნას, სათანადო არგუმენტები და დასაბუთება სჭირდება.
„საერთაშორისო პრაქტიკაც გვაქვს განხილული. არის ქვეყნები, სადაც 25 პროცენტამდეც კი ადის სარეკლამო ბაზარში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი. ამ შემთხვევაში, საუბარია, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით ერთი პროცენტი აქვს უკვე წაღებული და ამის ზრდაზეა საუბარი დაახლოებით ერთი პროცენტით, პროცენტ ნახევრით. რამდენად შეიძლება ამან რაიმე არსებითი საფრთხე შეუქმნას, ან ზოგადად საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს, ამას სჭირდება დასაბუთება, თუმცა არგუმენტები ჩვენ აქაც რეალურად ვერ მოვისმინეთ. საერთაშორისო პრაქტიკა, არის ლოგიკური, ასე ვთქვათ, წყობა რაღაც არგუმენტების, რომელიც ამას არ ადასტურებს. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებითად ორიენტირებულია სხვა რამის გაშუქებასა და კომერციალიზებული ნაკლებად უნდა იყოს, მაგრამ კომერციული ელემენტი რომ დასაშვებია და რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე ზოგადი ლოგიკა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით წარმოდგენილ პოზიციასაც შეეხო და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, მოხერხდა პოზიციების შეჯერება.
„თუ ჩვენ მივიღებთ მყარ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონის მიღებით რაღაც შავდება და რაღაც ფუჭდება, ამ შემთხვევაში ჩვენთვის თვითმიზანი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნამდვილად არ არის ვეტოს არ გადალახვა. შესაბამისად, გაგრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო გუნდში და შეიძლება გადაისინჯოს ჩვენი გადაწყვეტილება. გვჭირდება არგუმენტები, რომ პოზიცია გადავსინჯოთ,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს და კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები წარმოადგინეს. მათი მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილებები რეგიონალურ ტელევიზიებს, ონლაინ და ბეჭდურ მედიასაშუალებებს დააზარალებს. კანონპროექტის ოპონენტების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა საკუთარი სარეკლამო შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გაზარდოს.
ასევე აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს, ცვლილებებით შეუზღუდავი შესაძლებლობები ენიჭება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მიღებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი არის არა შემოსავლის გაზრდა, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში სარეკლამო ბაზარზე კონკურენციაში შესვლა, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთ ადგილზე არ გაიყინოს. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს საჭიროა მოტივაციის გაზრდისთვის. შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, დაუშვებელია ჟურნალისტის მოტივაციის გაზრდის რეკლამასთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირება.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს და პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმოს.
დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შეაჯამა და ამ მიმართულებით დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იქ არის საჭირო, რომ არგუმენტები იყოს ღრმა და ამის საფუძველზე მოხდეს ლოგიკური დასკვნის გამოტანა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
მისივე განცხადებით, საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე შესაძლებელია დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარეც იქნება წარმოდგენილი და შეჯერებული არგუმენტებით და პოზიციებით მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონს პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს და პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს დამატებითი გახსნილი დისკუსიისთვის.
„ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი დისკუსიისთვის. ერთად უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ არგუმენტებით. თუ დავამტკიცებთ, რომ საკანომდებლო ცვლილებები დააზიანებს მედია ბაზარს და კერძო მაუწყებლების ინტერესებს, მერწმუნეთ, მაშინ არავის, არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, რომ ასეთ კანონპროექტს ხელი მოაწეროს და ღილაკს თითი მიაჭიროს. ასეთია რეალურად ეს მოცემულობა. ჩამოვყალიბდეთ ფორმატზე, უახლოეს მომავალში. სავარაუდოდ, ვეტოს პლენარულ სხდომაზე გატანამდე. გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ უკვე ორმხრივი დისკუსიის, დიალოგის საშუალებაც რომ გვქონდეს. საბოლოო ჯამში გავიაროთ ეს საკითხები და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
წყარო- საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ინფორმაცია და ფოტო მასალა.