საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ვიდეოჯარიმისას დაჯარიმდება არა ავტომანქანის მინდობილობით მფლობელი, არამედ ის პირი, ვის სახელზეც ავტოსანტრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული,
– ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო.
„თანამედროვე ტექნოლოგიების და ეფექტური სერვისების დანერგვა შსს-ს ერთ-ერთი უმთავესი პრიორიტეტია და შესაბამისად, დღეიდან დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება. დღეის მდგომარეობით, გამოქვეყებულია, დაახლოებით, 8200 საჯარიმო ქვითარი და მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად და შემდეგ უკვე მოქალაქეს აქვს 30 დღე იმისთვის, რომ ნებაყოფლობით გადაიხადოს გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეო საჯარიმო ქვითარი“, – განუცხადა გიორგი არსოშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც მძღოლი მართავს სხვის ავტომობილს, გიორგი არსოშვილის განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გაითავისოს თავისი ვალდებულებები, ამ შემთხვევაში მძღოლები, რომლებსაც ანდეს მანქანა, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა იყვნენ, რათა არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები, მაგრამ თუკი დაარღვიეს, ამ შემთხვევაში ჯარიმდება ის კონკრეტული პირი, ვის სახელზეც რეგისტრირებულია ავტოსანტრანსპორტო საშუალება“.
„ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, გახლავთ შიდა ტრანზიტული ნომრები. შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებზე ხდება ასევე ფოტო-ვიდეო დაჯარიმება. ასე რომ, ნებისმიერი მძღოლი, ვინც მართავს შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით ავტოტრანსპორტს, უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რომ დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და თავიდან აირიდოს ფოტო-ვიდეო დაჯარიმება“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
წყარო „ინტერპრესნიუსი“ www.interpressnews.ge