3 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში – ევროპაში ერთ-ერთმა წამყვანმა კარდიოლოგმა და შინაგანი მედიცინის სპეციალისტმა, უნგრელმა ექიმმა ჩაბა ფოლდეშმა, ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ, კარდიოლოგ-არითმოლოგ გიორგი ჩხოლარიასთან ერთად წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ კრიო აბლაციის წარმატებული ოპერაციები ჩაატარეს.
კრიო აბლაცია, რომელიც თბილისის შემდეგ უკვე ქუთაისის ცენტრალურ სავადმყოფოშიც რეგულარულად ჩაატარდება, წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია გამოიყენება. პროცედურის დროს Arctic Front Advance™ კათეტერით გაბერილ ბალონში გამაგრილებელი ნივთიერება შედის, ქსოვილს ყინავს და იმ არასასურველ ელექტრულ სქემებს თიშავს, რაც ხელს უწყობს წინაგულების ფიბრილაციას.
“ქუთაისში დანერგილი ეს მეთოდი – კრიოაბლაცია არის ინოვაცია. მისი მეშვეობით პაციენტებს ეძლევათ საშუალება გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ეს პროცედურა, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში გრძელდება, არის კათეტერიზაცია, რომელიც არ საჭიროებს ღია ჭრილობის გაკეთებას გულ-მკერდის არეში. ოპერაციის მეორე დღესვე პაციენტებს შეუძლიათ განაგრძონ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში და თავი იგრძნონ ბევრად უფრო კარგად, ჯანმრთელად. მისი ეფექტურობა სრულიად გარანტირებულია.” – განაცხადა უნგრელმა კარდიოქირურგმა, ჩაბა ფოლდეშმა.
“მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში უკვე ვატარებთ კრიოაბლაციის ოპერაციებს. კრიოაბლაცია, მინი-ინვაზიური პროცედურა არის საუკეთესო საშუალება, რომელიც უმაღლეს შედეგს იძლევა. პროცედურა არის უფრო ეფექტური, ადვილი, სწრაფი და რაც მთავარია, ბევრად უფრო უსაფრთხო. ის იძლევა ძალიან კარგ შედეგს უმოკლეს დროში.” – აღნიშნა გიორგი ჩხოლარიამ.
წინაგულების ფიბრილაცია სერიოზული, საკმაოდ გავრცელებული გულის თანაბარი რითმის დარღვევაა. იგი მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ ადამიანს აწუხებს. ამ მხრივ წინაგულების ფიბრილაცია საქართველოშიც ერთ-ერთი მწვავე და გავრცელებული კარდიოლოგიური პრობლემაა. კრიოაბლაცია კი მაღალტექონოლიგიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც კონკრეტული პრობლემის დროს გამოიყენება. პროცედურის 80-90%-ს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებს. კრიოაბლაციის მეშვეობით ხდება არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა, შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება.
აღნიშნული ტექნოლოგია უკვე 370,000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. თბილისში კი უკვე 100-ზე მეტი წარმატებული კრიოაბლაციის ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთ ჰოსპიტალს წარმოადგენს მთელს დასავლეთ საქართველოში, სადაც აღნიშნული უახლესი მეთოდი დაინერგა.
უნიკალური ოპერაციის დროს Arctic Front Advance™-ის ბალონის ფორმა საშუალებას მისცემს ექიმებს შეაღწიონ ფილტვის ვენებში და დაიწყონ მკურნალობა სწრაფად და რაც მთვარია, ეფექტურად.
სტატისტიკა: საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად დაახლოებით 3 700 ადამიანი იღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წუთში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. ასეთი პაციენტების 95% კლინიკაში მოხვედრამდე იღუპება, ხოლო “ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია გავრცელებული მიზეზია ინსულტისა და გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში, ვისაც ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა აქვთ.
პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი-ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.
კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.
კლინიკის შესახებ: შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო (ყოფილი ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფო), მდებარეობს სოლომონ I-ის ქუჩა N10-ში. 2015 წლიდან საავადმყოფოს მართავს შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომლის მფლობელობაშიც ის 2017 წლიდან გადავიდა. საავადმყოფოს გააჩნია შემდეგი პროფილები: ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია, კარდიოლოგია (მათ შორის ინტერვენციული), ანგიოლოგია (მათ შორის ინტრევენციული), ქირურგია (მათ შორის ვისცერალური და მცირეინვაზიური ქირურგია), ორთოპედია ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, პროქტოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია და. ა.შ. საავადმყოფოში განვითარებულია დიაგნოსტიკური სამსახური. მათ შორის, რადიოლოგია ფართო სპექტრით (ზოგადი, კარდიო, ანგიო ულტრასონოგრაფია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია), კარდიოფუნქციონალური დიაგნოსტიკა, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ენდოსკოპია; საავამდყოფოს გააჩნია განვითარების მძლავრი პოტენციალი. რისი გათვალისწინებითაც კომპანია ორიენტირებულია სამედიცინო სერვისების გაფართოებაზე.
დაწესებულებაში ოპერაციებს ატარებენ ადგილობრივი და ევროპის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწვეული სპეციალისტები.
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი კადრებით, რომლებიც პერმანენტულად კვალიფიკაციას იმაღლებენ, ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.