„საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალდებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 2018 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

„ბრალდებულებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ, თუმცა ჯერ საქმის მასალებს არ ვიცნობთ და მასალების გაცნობის შემდეგ ჩამოგვიყალიბდება საბოლოო პოზიცია. მე ვისაც გავესაუბრე, ის ადამიანები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულებს იურიდიული დახმარებით თავად კომპანია „საქნახშირი“ უზრუნველყოფს.

„კომპანიას აქვს ასეთი პოზიცია, რომ საკუთარ თანამშრომლებს, ბედისანაბარა არ ტოვებს, დაზარალებული იქნება თუ ბრალდებული, სამართლებრივ პროცესში კომპანია უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას, რათა ყველაფერი გაირკვეს“, – აღნიშნა ჭაბაშვილმა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.

წყარო- „ინტერპრესნიუსი“
www.interpressnews.ge