ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის „ინფო ტყიბულის“ უფროსის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა,ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური სააარჩევნო კომისია ავრცელებს-
„13 ოქტომბერს №57ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატო კენჭოშვილის გადაწყვეტილებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის „ინფო ტყიბული“ უფროსის ნანა რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
ოქმის შედგენის მიზეზი გახდა ტყიბულის საინფორმაციო ცენტრის „ინფო ტყიბულის“ ვებგვერდზე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ სააგიტაციო მასალის განთავსება, რითაც დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.“ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.