ტყიბულში მერიის წინ მეშახტეებმა აქცია გამართა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ხვიჩა გაბუნიამ „ოკრიბანიუს” უთხრა, ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
მათივე განცხადებით, შახტის ადმინისტრაციამ მათ განუცხადა, რომ იძულებული არიან შეუწყვიტონ მათ ხელფასის მიცემა, რადგანაც შახტში რამდენიმე თვეა საწარმო პროცესი შეწყვეტილია და ისინი ამ დრომდე ელიან თანხმობას, რომ შახტში საწარმო პროცესი აღდგეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ აქციას მეშახტეთა ნაწილი შახტში შეუერთდა. როგორც ისინი ამბობენ, 25-მდე მეშახტე, რომლებიც დღეს დილით ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ სამუშაოდ, პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ისინი მიწისქვეშ, 300 მეტრ სიღრმეში რჩებიან.
მეშახტეები ამბობენ რომ მათ კომპანიის მიმართ რაიმე პრეტენზია და მოთხოვნები არაქვთ.
აქციის დასასრულს მეშახტეებმა განაცხადეს რომ ისინი აქციას ხვალ მერიის წინ 12 საათზე ისევ განაახლებენ.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტყიბულის შახტაში სამუშაოები დროებით შეჩერდა.