საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის.
“სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.
კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;
მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
“ინტერპრესნიუსი” www.interpressnews.ge