ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში ჯერ არ გადასულა.
როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროსთან სწორედ აღნიშნული ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურები მიმდინარეობს.
„ტყიბულში საკმაოდ საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება. აქ გაიხსნება დათბილული ქურთუკების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიის ფილიალი. შედეგად კი ტყიბულში დამზადებული ქურთუკები ექსპორტზე ევროპაში გავა. ჩინური მხარე უკვე იმყოფებოდა ადგილზე და მათმა სპეციალისტებმა დაასრულეს ტერიტორიის შესწავლა. ადგილი, სადაც უნდა განთავსდეს ეს ფაბრიკა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს პროცესი, რომ ეს ტერიტორია გადმოეცეს საპარტნიორო ფონდს. საპარტნიორო ფონდი ამ ერთობლივ პროექტში სწორედ ამ ტერიტორიით შევა,”-განაცხადა საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზა ტერიტორიის ფასის დასადგენად ადგილზე ჯერ არ შესულა. თუმცა პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც კონკრეტული ფართი საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში გადავა.
„ერთობლივ კომპანიაში დაფინასებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს ჩინური მხარე. შესაბამისად, ტექნოლოგიებიც ჩინეთიდან ჩამოვა. ვფიქრობთ, შენობის აშენებას და ნაწილის აღდგენას დაახლეობით ერთ წელში მოახერხებენ. პარალელურად, ჩინური მხარე ტყიბულიდან 30 ადამიანის წაყვანას და მათთვის 3-6 თვის განმავლობაში სპეციალური სტაჟირების კურსის შეთავაზებას გეგმავს. ამ ადამიანების ჩინეთში გადამზადება ანაზღაურებადი იქნება. დაბრუნების შემდეგ კი ისინი 250-მდე ადგილობრივს შეასწავლიან ახალ საქმეს“, – განმარტა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.
დავით საგანელიძის განცხადებით, ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო მომავალი წლის შუა პერიოდისთვის ამუშავდება და საერთო ჯამში, 300-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.
„ჩინურ მხარეს აქცენტი ჰქონდა თბილისსა და რუსთავზე. მაგრამ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით ტყიბული შეირჩა. ამ ქალაქს შახტის გარდა დასამქების სხვა ალტერნატივა ფაქტობრივად არ აქვს. პარალელურად, ისინი ამ ტერიტორიის რეკონსტრუქციის გეგმაზე მუშაობენ. ინვესტიციის მოცულობა პირველ ეტაპზე 5-7 მილიონი იქნება“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში ქურთუკების მწარმოებელი ფაბრიკის მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა გასული წლის ნოემბერში დააანონსა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმოს პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი – შესაბამისი შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
ქრისტინე გამთენაძე
წყარო – „ბიზნესპრესნიუსი“www.bpn.ge