ტყიბულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა 10 დეკემბერს იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. გამგეობის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან ერთად სხვდასახვა სამსახურის უფროსები და მუნიციპალიტეტის თემების რწმუნებულები დაესწრნენ.
შეხვედრას დაესწრო ასევე “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის” გენერალური დირექტორი მოადგილესთან ერთად.
გუბერნატორის სამუშაო შეხვედრა აქტივთან გაცნობის გარდა მიზნად ისახავდა გასული და მიმდინარე წლების საკითხების გაცნობას. სამსახურის უფროსებმა გუბერნატორსა და მის წარმომადგენლობას გასული წლის ანგარიში წარუდგინეს და არსებული პრობლემები გააცვნეს. საუბარი შეეხო 2013 და 2014 წლების ბიუჯეტის შესრულების საკითხს, აგრეთვე ისაუბრეს იმ სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლებიც მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
ტყიბულში მყოფმა გუბერნატორმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ის ინფრასტრუქტურული ობიექტებიც დაათვალიერა, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია და ასევე 2014 წელს უნდა დაიწყოს. მიმდინარე წელს 100 000 ლარი მოხმარდება საცურაო აუზის აღდგენას და კოსმეტიკურ რემონტს. ზაზა მეფარიშვილმა ახლადგადახურული სპორტის სასახლის შენობაც დაათვალიერა. სამუშაო დღის ბოლოს კი გუბერნატორი მინდელის სახელობის შახტში იმყოფებოდა და შახტის მუშაობის პრინციპს ზოგადად გაეცნო.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გაიმართება და მას წლის მანძილზე რეგულარული სახე მიეცემა.
თეონა ჯანელიძე