არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი.
ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანთა ცხოვრების მიზანზე ისაუბრა.
“ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღმრთისა. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, ჩვენ დაგვეხმარება, არის ქველმოქმედება, დახმარება გაჭირვებული ადამიანის. ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს, დააგროვოს სიმდიდრე”,- ბრძანა ილია მეორემ.
ამასთან, როგორც პატრიარქმა ბრძანა, ქვეყნის აღსასრული “არც ისე შორს არის”.
“მე კიდევ ერთხელ, ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება, რომ აღსასრული მოდის მისი, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან “,- ბრძანა პატრიარქმა.