იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კორეეთში მარტოდ მცხოვრებ ავთანდილ მხეიძეს შობა-ახალი წელი მიულოცა.
ამის შესახებ “ოკრიბანიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ავთანდილ მხეიძე ერთადერთი ადამიანია, რომელიც აღნიშნულ სოფელში ხვდება 2020 წელს. იგი თითქმის 30 წელია, კორეეთში ცხოვრობს და სოფელი არასდროს დაუტოვებია.
“ახალი წელი მივულოცე ჩვენი რეგიონის ყველაზე მცირეკომლიან სოფელში მცხოვრებ ერთ ადამიანს. უკვე წლებია, ბატონი ავთო სოფელ კორეეთის ისტორიას მარტო წერს და ერთი წუთით არ უფიქრია საცხოვრებლად სხვაგან წასვლაზე. ეს არის ადამიანი, რომელმაც ათეული წლის წინ დატოვა ქალაქი და სოფლის მეურნეობის განვითარება დაიწყო და დღესაც აქტიურად მიყვება მეცხოველეობის დარგს. მადლობა ბატონ ავთოს, რომ არ ტოვებს წინაპრების დატოვებულ სახლ-კარს და აძლიერებს სოფელს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კორეეთში წლების წინ 15 კომლი ცხოვრობდა.