„საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში შახტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან და მეშახტეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ შახტების სრული რეკონსტრუქციისა და ინვესტირების პროექტი წარადგინა.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმ და „საქნახშირის“ დირექტორმა, ზურაბ აღდგომელაშვილმა თანამშრომლებს ახალი გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და შეხვედრების გრაფიკი გააცნეს. ასევე, შახტის სრულ რეკონსტრუქციასთან, საშტატო ცვლილებებთან და ანაზღაურების ახალ, ბონუსურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასაქმებულების კითხვებს ხელმძღვანელობასთან ერთად „საქნახშირის“ მთავარი ინჟინერის მოადგილე გია ბაბუხადია პასუხობდა.
კომპანია „საქნახშირი“ სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმების მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში გაიმართება შეხვედრები თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებთან,პროფესიების მიხედვით შედგა 12 ჯგუფი, რაც ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს შეხვდეს თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად განიხილოს ყველა საინტერსო აქტუალური საკითხი. სამუშაო შეხვედრებზე მოხდება ინვესტირების სქემისა და ტექნოლოგიური პროცესების წარდგენა, ასევე შახტის სრული რეკონსტრუქციის და ანაზღაურების ახალი, ბონუსური სისტემის განხილვა.
„საქნახშირის“ ინფორმაციით – აღნიშნული სამუშაო შეხვედრების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, მოხდება სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და კომპანია „საქნახშირს“ შორის.
„საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში ბადრი არაბიძე აცხადებს რომ- „შახტის სრული რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია სხვადასხვა დარგის, მიმართულების და პროფესიის მიხედვით. მოხდება საშახტო სტრუქტურის რეორგანიზაცია და სრულყოფა. იმ ორი წლის განმავლობაში, როდესაც საწარმო გაჩერებული იყო, ბევრი პრობლემა დაგროვდა. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი და ამ დროისათვის, ინვესტიციებიც ჩადებულია. როგორც ვიცი, ამ პროგრამის მიხედვით, საერთო ჯამში, დაახლოებით 13 მილიონი ლარზე მეტი თანხა იქნება მიზნობრივად ათვისებული. 1 წლის განმავლობაში ქვა-ნახშირის მოპოვება 300 000 ტონამდე მაინც უნდა ავიდეს. უბნების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ახლა გვაქვს 3 უბანიდა უნდა გახდეს 4 უბანი.
კომპანიის მიზანია წარმოების გაზრდა, თანამშრომლების კმაყოფილება და შახტის განვითარება. გრძელვადიანი პროგრამა კი უფრო დიდ მასშტაბებზე გადის. დღეს, ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად ხელფასების საკითხი ითვლება. ბონუსურ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თანამშრომელთა ანაზღაურებას – რაც უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის მოპოვება იქნება შესაძლებელი, მით მეტ ანაზღაურებას მიიღებენ ისინი. რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მკაცრად იქნება დაცული შრომის უსაფრთხოების წესები და გაიზრდება წარმოება. ეს პირდაპირ იმოქმედებს დასაქმებულების კეთილდღეობაზე.“
მთავარი ინჟინერის მოადგილე გია ბაბუხადია ამბობს რომ- „გეგმის დამუშავების და განხილვის პროცესში ყველა რგოლის თანამშრომელია ჩართული. სახელფასო საკითხის განხილვებისთვის თანამშრომლები 12 ჯგუფად არიან დაკომპლექტებულები. მე უსაფრთხოების, ბურღვა-ფეთქითი სამუშაოების წარმოების, ვენტილაციის, გამონამუშევარი სივრცეების დამუშავების მიმართულებით ვმუშაობ. ახალი ხელმძღვანელობის შემოსვლისთანავე სრულიად ახალი ბურღვა-ფეთქითი პასპორტები შევიმუშავეთ, რომლებიც დამტკიცდა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის მიერ. გავამკაცრეთ უსაფრთხოების მიმართულება. მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხო მანძილებს, რომ ნებისმიერი გადაცდომა გამოირიცხოს. ჩვენი პრიორიტეტი არის უსაფრთხოების დაცვა, ყველა თათბირი ამ თემით იწყება. უსაფრთხოების დაცვისთვის, პირველ რიგში, თანამშრომლების მხრიდან წესების დაცვაა საჭირო. ეს თითოეულმა მეშახტემ უნდა გაიგოს. რეკონსტრუქციის გეგმის წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა, ნახშირის მოპოვება და მუშაობა ბევრად გაადვილდება. კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და სამუშაო პროცესები გახდებს უფრო უსაფრთხო და მარტივი. სამომავლოდ, ნახშირის ამოტანა ჰორიზონტალური, დახრილი გვირაბებით მოხდება.“
მიმდინარე წლის 15 ივლისიდან კომპანია „საქნახშირი“ შახტების გეგმაზომიერ რეკონსტრუქციაზე გადადის. – ნათქვამია „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.