იმერეთში მოქმედი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის 20–მდე ჟურნალისტმა ქალაქ ფოთში ის ადგილი მოინახულეს, სადაც მდინარე რიონი შავ ზღვას უერთდება

და აქვე ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაც გამართეს. ღონისძიება იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის” ორგანიზებით, პროექტის “მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა” ფარგლებში მოეწყო. მისი მიზანი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, მდინარეებისა და შავი ზღვის დაბინძურების შემცირებაა.

მედიის წარმომადგენლები, ასევე ფოთში საქართველოს ჰიდროლოგიურ სამსახურს ესტუმრნენ, სადაც 36 მეტრის სიმაღლის სანავიგაციო შუქურა დაათვალიერეს. თუჯისგან დამზადებული ნაგებობა ინგლისელმა ინჟინრებმა დაამზადეს და ის ექსპლოატაციაში 1864 წელს გაეშვა. სანავიგაციო კოშკთან ჟურნალისტებმა, სემინარის ორგანიზატორებთან ერთად, ფლეშ–მობი მოაწყვეს, რითაც საზოგადოებას მდინარეების ნარჩენებისაგან დაცვისკენ და შავი ზღვის დაბინძურების შემცირებისაკენ მოუწოდეს.

მდინარეებისა და ზღვის ნარჩენებით დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა და ეკოსისტემის შენარჩუნება, გარემოს დაცვა და წყლის დაბინძურების აღკვეთის მიზნით ცნობიერების ამაღლება – ეს ის საკითხებია, რაზეც სემინარის ფარგლებში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის” ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყლის რესურსების დაბინძურებას გაუწმენდავი საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მდინარეებში ჩაშვება, ნარჩენების არასათანადო მართვა და დანაგვიანება იწვევს. დაბინძურებული მდინარეები კი თავის მხრივ საფრთხეს შავ ზღვასაც უქმნიან. მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლების ყველაზე დიდი პრობლემაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრში“ ამბობენ, რომ შავი ზღვის როლი ქვეყნის ეკონომიკისა და ასევე, ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანია.

„სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი დაცვა დაბინძურებისაგან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და წყლის რესურსების მართვის სფეროში სხვადასხვა რეფორმების დროული გატარება, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვება და გაწმენდა, წყალდიდობების რისკის შეფასება და მართვა, წყლის დაცვა სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ნიტრატების დაბინძურებისაგან “ – აღნიშნა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრის” ხელმძღვანელმა, ქეთევან ცხაკაიამ.

დეა მანაგაძე