ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დამატებით წრეზე,

რაც ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვა აქტივობებს მოიცავს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, სარეპეტიციო სივრცეებში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია. დამატებით წრეებზე, რაც მოიცავს ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვას, აუცილებელია ინსტრუმენტების და სხვა საჭირო ნივთების ხშირი დეზინფექცია.

განსხვავებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისგან, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, საიზოლაციო ოთახი არ იქნება და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, სიმპტომების მქონე პირებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ უნდა მიმართონ.

„სხვადასხვა სექტორისთვის განსაზღვრულია რეკომენდაციები. რეგულირდება სამუზეუმო, შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებები, ამისთვის კი გამოყოფილია სპეციალური თავი, სადაც სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციებია თავმოყრილი.

რეკომენდაციებში, შესაბამისი სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის პერიოდულად განხორციელების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.

იძლევა რეკომენდაცია, რომ შესაძლებლობის მიხედვით, 10 ადამიანის სარეპეტიციო საქმიანობა დაიშვას ერთ სივრცეში, თუმცა, ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა. რეკომენდებულია 10-ზე მეტი ადამიანის დამატების შემთხვევაში სარეპეტიციო სივრცეში 5 კვ.მ ზე 1 პირი განთავსდეს.

პროტოკოლით, რეკომენდებულია, რომ რეპეტიციები არ აღემატებოდეს 2 საათს.

ზოგად რეკომენდაციებს შორისაა, რომ ხშირი დეზინფექცია და ბუნებრივი ვენტილაცია უნდა იყოს დაცული. განიავება უნდა ხდებოდეს ბუნებრივი გზით, იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული.

ასევე, შეიძლება დიდ სივრცეში იყოს 20 ბავშვი, თუ შესაბამისი დისტანცია იქნება დაცული. ტემპერატურის ან რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, სარეპეტიციო დარბაზში საიზოლაციო სივრცე არ არის გამოყოფილი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ „112-ს“, ვინაიდან სარეპეტიციო სივრცეებში დიდი რაოდენობის თავშეყრა არ ხდება ბაღების და სკოლებისგან განსხვავებით.

ასევე, აუცილებელია ყველა ინვენტარს რეპეტიციის შემდგომ მიკროფონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც წრეზე მყოფი პირი იყენებს, დეზინფექცია ჩაუტარდეს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

“ინტერპრესნიუსი”