ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის (TDDF) წარმომადგენლებმა ტყიბულში პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.
შეხვედრის მსვლელობისას მოეწყო პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების შეჯამება.
ფონდის ინფორმაციით ღონისძიებას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იან ჩერნიკი, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ლელა ბერძული, ჩეხური არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია ,,People in Need“-ის პროექტის მენეჯერი ანა ქოჩუა-ჩახაია, პროექტის კოორდინატორი ქეთევან გოცირიძე-ბრეგაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა კორძაია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი დოკუმენტური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიების წარმართვას ითვალისწინებდა. ის ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი სამყარო სკოლებში”, რომელიც PEOPLE IN NEED-ის მიერ ჩეხეთში 2003 წლიდან ხორციელდება. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მედია წიგნიერების საკითხებში სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების მოწვევა.
პროექტი ტყიბულში ხუთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 22 ახალგაზრდა იყო ჩართული, რომელთაც შემაჯამებელ შეხვედრაზე სერთიფიკატები და გიორგი კეკელიძის წიგნი „გურული დღიურები“ გადაეცათ.
პროექტი ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა (TDDF), ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“-ის მხარდაჭერით და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის დაფინანსებით განახორციელდა.