დღეს გვქონდა შეხვედრა მეშახტეებთან. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც მათ წინაშე იდგა, მოგვარებულია,
თუმცა, მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უმძიმესი სამუშაო, რომელსაც ისინი აკეთებენ, მეტად იყოს დაფასებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ტყიბულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია ტყიბულში ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდეს, რათა ყველას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს.
,,ყოველთვის, როდესაც მაქვს შესაძლებლობა ტყიბულში ჩამოვიდე, ვცდილობ, ერთი საათი შემოვინახო, რომ ცხრაჯვარზე ავიდე და დავტკბე იმ ულამაზესი ხედებით, რომელიც იქედან იშლება. სულისშემძვრელია სილამაზე, რომელსაც იქედან ხედავ. ადგილი, სადაც თავის დროზე შენობებიც იყო და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო რეგიონში, სწორედ აქ იყო. ყველას შეეძლო ზემოთ ასვლა, დასვენება და განსაკუთრებით ეს ეხებოდა მეშახტეებს, მათთვის იყო გაკეთებული. ეს საბაგირო იქნება აღდგენილი და გაკეთებული. ეს არის ის პროექტი, რომელიც სჭირდება ტყიბულს, რომ მეტი ტურისტული პოტენციალი გაჩნდეს აქ. ტყიბულში ბევრი აღსანიშნავი ადგილია – ტაძრები, მღვიმეები, სხვა ისტორიული ადგილები, რომელიც აუცილებელია ყველამ ნახოს. ტურიზმი არის ის საშუალება, რომელიც ამ ქალაქისთვის დამატებით შემოსავალს გააჩენს. ეს იქნება საშუალება იმის, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ მხოლოდ ერთადერთი არჩევანი, დაკავშირებული სამთო წარმოებასთან. ტრადიციულად, სწორედ ეს იყო ტყიბულის დანიშნულება, რომელსაც უდიდესი როლი შეჰქონდა და შეაქვს ქართულ ეკონომიკაში, თუმცა შესაძლებლობები უფრო მეტია.
დღეს გვქონდა შეხვედრა მეშახტეებთან. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც მათ წინაშე იდგა, მოგვარებულია, თუმცა, მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უმძიმესი სამუშაო, რომელსაც ისინი აკეთებენ, მეტად იყოს დაფასებული. შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არის როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული კომპანიის ვალდებულება და სტანდარტები კიდევ უნდა გავზარდოთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყოს.
ახალგაზრდების მეტი ჩართულობა რეგიონების განვითარებაში -ეს მნიშვნელოვანია. ტყიბული არის იმ ლოკაციაზე, საიდანაც ვუკავშირდებით რაჭას, იმერეთს, დასავლეთს და აღმოსავლეთს. აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდეს, რათა კიდევ მეტი შესაძლებლობა მიეცეს ყველას, რასაც სჭირდება ძლიერი გუნდი. ძლიერი მერი ხედვით, რომელიც გარდა იმ ხედვისა, რომელიც განახლებული რეგიონების ფარგლებში არსებობს და მთავრობის მიერ ხორციელდება, შეძლებს დამატებითი იდეები, ღირებულებები შესძინოს მას. მომავლის ხედვა აუცილებელია მოდიოდეს ზუსტად თქვენგან, მოსახლეობისგან, ახალგაზრდების მეტი ჩართულობისგან, რომელიც უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატის გამარჯვებაში. დავით ჩერქეზიშვილი – ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანია. აქ დავბრუნდებით ოთხი წლის შემდეგ და ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსც ერთად მივაღწევთ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
„ინტერპრესნიუსი“