ტყიბულში People in Need Georgia-ს მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდული ინიციატივების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ახალგაზრდებთან ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ციფრული მოქალაქეობისა და მომავლის პროფესიების პროგრამების მენეჯერმა – თემურ ჯვარშეიშვილმა ისაუბრა.
ახალგაზრდული ინიციატივების ავტორებმა ელენე ახვლედიანმა (ინიციატივა „გზა კენწეროსკენ“ ავტორი), მარიამ ამბროლაძემ (ინიციატივა „ფოტოკლუბი, ციფრული უნარებისა და სამოქალაქო განათლებისათვის“ ავტორი), გიორგი ბოჭორიშვილმა (ინიციატივა „ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება ტყიბულში“ ავტორი) მოკლედ შეაჯამეს საკუთარი პროექტები.
პროექტის ფარგლებში, სხვა ღონოსძიებებთან ერთად, „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ ოფისში მცირე ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც შესაძლებელია თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა. ასევე, მსურველებს შეუძლიათ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცენ საჩუქრად.
შეხვედრაზე გამოცხადდა ფოტო, წიგნიერებისა და ინტერნეტ უსაფრთხოების კონკურსების გამარჯვებულები, რომლებსაც წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.
ახალგაზრდებს პროექტების წარმატებით დასრულება People in Need Georgia-ს მედია წიგნიერების პროექტის კოორდინატორმა ქეთევან გოცირიძე-ბრეგაძემ მიულოცა.
პროექტი „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის TRANSITION-ის პროგრამის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში განახორციელა. ღონისძიება 7 ნოემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.