ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას.
პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება.
კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდერ დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება.
„2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.