უკვე რამდენიმე თვეა ტყიბულის წყალსაცავზე სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. “სიმინდის კუნძული” ასე ჰქვია სრულმეტრაჟიან ფსიქოლოგიურ დრამას, რომლის გადაღებაზე მუშაობას რეჟისორი გიორგი ოვაშვილი რამდენიმე დღეში დაასრულებს.
“გაღმა ნაპირი”-ს მსგავსად, რომელმაც რეჟისორს არაერთი წარმატება მოუტანა, გიორგი ოვაშვილი თავის ახალ ნამუშევარს კვლავ აფხაზეთის თემატიკაზე ქმნის. ის ნუგზარ შატაიძესთან და რულოვ იან მინებოსთან ერთად სცენარის ავტორი თავად არის.
ფილმში მოქმედება მდინარე ენგურზე, წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ვითარდება, სადაც ძველად აფხაზეთში სიმინდის მოსავალი მოჰყავდათ, იმის გამო, რომ მდინარე ენგურზე ასეთი კუნძული აღარ არის, რეჟისორმა ისტორიის გასაცოცხლებლად, ტყიბულის წყალსაცავზე ხელოვნურად შექმნილი კუნძული გამოიყენა.
ფილმში დიალოგი მინიმუმამდეა დაყვანილი და ის აფხაზი ბაბუისა და შვილიშვილის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ტრაგიკულად სრულდება.
ფსიქოლოგიურ დრამაში მთავარ გმირს არაპროფესიონალი მსახიობი, 14 წლის გოგონა მარიამ ბუთურიშვილი ასახიერებს, აფხაზი ბაბუის როლს კი ცნობილი თურქი მსახიობი ილიას სალმანი ასრულებს.
ოვაშვილის პროექტმა გადაღებამდე დააინტერესა საერთაშორისო ორგანიზაციები. “სიმინდის კუნძულმა” ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა და გადაღებებში საქართველოს გარდა ფრანგული, გერმანული, ყაზახური და შვეიცარული მხარეა ჩართული.
“სიმინდის კუნძული” ინტერნაციონალური პროექტია და გადამღები ჯგუფი 12 ქვეყნის პროფესიონალი კინომატოგრაფებით არის დაკომპლექტებული.
ვინაიდან რეჟისორი გიორგი ოვაშვილი გადასაღებ მოედანზე მომთხოვნი და მაქსიმალისტია და თითოეულ დეტალს მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებს, შემოქმედებითი ჯგუფიც თავიდან ბოლომდეა მობილიზებული და ჩართული გადაღებების პროცესში.
გადაღებები ორ პერიოდად გაზაფხულზე და შემოდგომაზე, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ამჯერად გადამღებმა ჯგუფმა შემდეგ ლოკაციაზე საწირეში გადაინაცვლა, სადაც ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე ფილმის ერთ-ერთი საფინალო სცენა უნდა გადაიღონ.
იმის გამო, რომ აღნიშნული სცენა ტექნიკურად რთულად შესასრულებელი და განსახორციელებელია, თურქი მსახიობი კასკადიორმა შეცვალა. მას სპეციალური გრიმი და ვარცხნილობა გაუკეთეს და შესაბამისი კოსტიუმიც მოარგეს.
დაძაბულობის მიუხედავათ ტექნიკურად სწორად გათვლილი და შესრულებული საკვანძო სცენის გადაღება წარმატებით დასრულდა.
გიორგი ოვაშვილი ასევე რეჟისორია ფილმისა “გაღმა ნაპირი,” რომელიც აფხაზეთიდან დევნილი პატარა ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი კინოთეატრებში 2009 წელს გამოვიდა და მან საერთაშორისო ფესტივალებზე არაერთი წარმატება მოიპოვა. შემოქმედებით ჯგუფს იმედი აქვს, რომ “სიმინდის კუნძულიც” არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდება, რომელსაც მაყურებელი ეკრანებზე 2014 წლის ოქტომბრიდან იხილავს.
ელისო ჭანტურიძე