ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ახლად რეაბილიტირებული ექვს წახნაგა სამრეკლო ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი შალმბერიძემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა და პარაკლისი აღავლინა.
სოფელ საწირეში იონე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი და სამრეკლო მეცხრამეტე საუკუნეში აიგო,მშენებლობა დასრულდა და საზეიმოდ იკურთხა 1871 წელს. მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში ეკლესია და სამრეკლო ორივე დაზიანდა და დაინგრა, ამდრომდე ის ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი.
საწირის მკვიდრის ბიზნესმენისა და ქველმოქმედის მირიან ქათამაძის თაოსნობით და სრული დაფინანსებით,სამრეკლოს მიმდინარე წელს საფუძვლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია, მოხდა სამრეკლოს სრული სახით აღდგენა და განმეორებით კურთხევა.
სამრეკლოს სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს არქიტექტორის, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოს წევრის დავით სვანიძის პროექტის მიხედვით მისივე ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
საწირეში სადღესასწაულო მსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
2025-06-28