შეხვედრებს განაგრძობს საპარლამენტო ორკვირიანი არდადეგების ფარგლებში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე.
რამდენიმე დღის წინ ის “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის” ხემძღვანელობას, ადნმინისტრაციის თანამშრომლებსა და მინდელის სახელობის შახტის მეშახტეებს შეხვდა. დეპუტატმა მათ შახტის სამომავლო პერსპექტივები გააცნო და ასევე იმ პროგრამებსაც შეეხო, რომელიც ამჟამად მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტში ხორციელდება. შეხვედრაზე მეშახტეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და დეპუტატს საკუთარი პრობლემები გააცვნეს.
ელისო ჩაფიძე ამავე დღეს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტშიც იმყოფებოდა და ის პრობლემები მოისმინა, რომელიც პედაგოგებს აწუხებდათ. მიმდინარე თვეში ტყიბულის პროფესიულ სასწავლებელში განათლების მიღების სურვილი უკვე ასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ამიტომ ელისო ჩაფიძის თქმით, უახლოეს მომავალში ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სამი სპეციალობის დამატება იგეგმება. დეპუტატი აღნიშნულ შეხვედრებზე სამედიცინო დაზღვევის დადებით და უარყოფით მხარეებსაც შეეხო. მან ასევე ტყიბულის გაზიფიცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ქალაქში შვიდი მრავალბინიანი სახლის, საავადმყოფოსა და სასამართოს გაზიფიცირება მოხდება, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე მთლიანად მოხდება ქალაქის დაქსელვა. ბუნებრივი აირის შეყვანა მოხდება ასევე გელათში, მოწამეთასა და მუხურაში.
დეპუტატმა შეხვედრები გამართა ასევე სოფლის მოსახლეობასთან. რამდენიმე დღის წინ ის სოჩხეთისა და გურნის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. გაირკვა, რომ გზისა და წყლის სისტემების რეაბილიტაციის გარდა, ორივე სოფლის მოსახლეობას სოციალური პრობლემები აწუხებს. უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარების პრეტენზიით დეპუტატს გურნასა და სოჩხეთში არაერთმა მიმართა. ელისო ჩაფიძე არსებული ვითარების მოგვარებასა და აღნიშნული ოჯახების ხელმეორედ გადამოწმებას შეძლებისდაგვარად დაჰპირდა.
ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა სადეპუტატო ვადის მანძილზე დღემდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე 73 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა.
თეონა ჯანელიძე