დაახლოებით ერთი თვეა, რაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნახევარზე მეტი სარეაბილიტაციო რეჟიმშია. მსგავსი ტიპის მასშტაბური სამუშაო ჩვენს სკოლებში აქამდე არ ჩატარებულა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ტყიბულის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტისათვის ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.
ტენდერში გამარჯვებული ქუთაისის ერთ-ერთი ფირმა 13 სკოლაში ერთდროულად მატერიალური ბაზის მოწესრიგებას ახორციელებს, მათ შორისაა ოთხი ქალაქის სკოლა.
სამუშაოთა ნაწილი სკოლების ძირითადი და დამხმარე ნაგებობების გადახურვას და სახურავის მოწესრიგებას გულისხმობს, ხოლო რიგ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია, შენობის გარე ფასადის, მათ შორის კარ-ფანჯრების შეცვლას ითვალისწინებს.
ხდება ასევე სკოლის გარშემო ბეტონის ბილიკების მოწყობაც. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რესურსცენტრის წარმომადგენელთან ერთად სკოლების ნაწილი მოინახულა და რეაბილიტაციის პროცესს პირადად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაში #2, #7, კურსებისა და ძიროვნის საჯარო სკოლებიც იყო შეტანილი, თუმცა სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის მიერ ისინი ავარიულ სკოლებად იქნა მიჩნეული და საკითხი დროებით შეჩერებულია.
რაც შეეხება დანარჩენ 13 საჯარო სკოლას ისინი ახალი სასწავლო წელს გალამაზებული იერ-სახით შეხვდებიან.
ნათია მურუსიძე