სოფელ მუხურაში ადგილობრივი მეფუტკრეები შეიკრიბნენ და სოფელში სხვა რაიონიდან კერძო პირების მიერ ფუტკრის დაუკითხავად შემოყვანა გააპროტესტეს.

მათივე თქმით, კონკრეტულ ოჯახებთან შეთანხმებით სოფელში შემოყვანილი ასეულობით ძირი ფუტკარი საფრთხეს უქმნის ადგილობრივს და ამის არა ერთი მაგალითი არსებობს. როგორც ისინი აცხადებენ გრძელი ზამთრისა და გვიანი გაზაფხულის გამო სოფლის ადგილობრივი ფუტკარი ვერ ასწრებს მოძლიერებას, შემოყვანილი ფუტკარი კი ამ დროს ძალიან ძლიერია, ამიტომ ადვილად ჯაბნის, აყაჩაღებს და ანადგურებს მას.

გარდა ამისა, არსებობს ფუტკრის დაავადების გაჩენის შემთხვევებიც, რასაც ადგილობრივები შემოყვანილ ფუტკარს უკავშირებენ და რაც მოსახლეობის თქმით, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სოფელში აღნიშნული დარგის განადგურებისა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სოფლის ცენტრში შეკრებილმა მეფუტკრეებმა მოითხოვეს მოხდეს მათი სურვილის გათვალისწინება და შემოყვანილი ფუტკარი დაისვას მოსახლეობიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით.

როგორც ისინი აცხადებენ, ამ ქმედებით თავიდან იქნება აცილებული უთანხმოება მათსა და კერძო პირებს შორის, რასაც თავის მხრივ მოჰყვება, სოფელში აღნიშნული დარგის განვითარება და ერთ-ერთი შემოსავლის წყაროს შენარჩუნება.

მიუხედავად წლების მანძილზე დაწერილი არა ერთი განცხადებისა ეს პრობლემა მუხურაში დღემდე მოუგვარებელია, ამჯერად კი მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ ზემოთხსენებული საკითხით მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაინტერესდება და მათთვის უდიდესი პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *