22 მაისს კულტურის ცენტრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე მსახიობი მურმან ჯინორია სპექტაკლით “ქარი მწყურია მე პირდაპირი“ წარსდგა.

სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისაგან, სეზონების მიხედვით იყო დაყოფილი, ყველა სეზონი სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან ასოცირდებოდა. გაზაფხული ტერენტი გრანელთან, ზაფხული გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსულ ჩარკვიანის შემოქმედებას აერთიანებდა, ზამთრის ასოციაციას კი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება იწვევდა. სპექტაკლის დაწყებამდე 65 წლის მსახიობი მაყურებელს მიესალმა, თქვა, რომ ტყიბულში პირველად იყო, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის გამგებელს გასამართი სპექტაკლის ხელშეწყობისათვის და მოპატიჟების შემთხვევაში მეორედ ჩამოსვლის პირობაც დადო.

მსგავს სპექტაკლებს მონატრებულმა ტყიბულელმა მაყურებელმა, სრული სიმძაფრით შეიგრძნო და გაითავისა მურმან ჯინორიას შემოქმედება და კმაყოფილება ხანგრძლივი ოვაციებითა და მხურვალე ტაშით გამოხატა.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებით შექმნილი, ერთი საათისა და ორმოცი წუთისაგან შემდგარი ერთმოქმედებიანი მონოსცენარის ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება თავად მურმან ჯინორიას ეკუთვნის. 40 წელი და ოთხმოცამდე როლი კინოსა და თეატრში, ხუთი გაკეთებული მონოსპექტაკლი, დაუღალავი შრომა, დახარჯული ენერგია და საყვარელი პოეტების სცენაზე გაცოცხლება, ეს ყველაფერი მხოლოდ ქართველი მაყურებლის სიამოვნებისათვის. ხუთი გაკეთებული მონო სპექტაკლიდან ბოლოა “ქარი მწყურია მე პირდაპირი”, აღნიშნული სპექტაკლის რაიონებში გატანა შარშან დაიწყო, წელს კი სპექტაკლით ტურნე საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება, რომლის იდეაც პროდიუსერ გიორგი კუბლაშვილს ეკუთვნის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *