ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თოჯინების თეატრმა მიმდინარე სასწავლო წელს რიგით მესამე პრემიერა გამართა.
“ონავარი თოჯინების თავგადასავალი” _ ასე ერქვა წარმოდგენას, რომელშიც ყველა პატარასათვის საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები მონაწილეობდნენ. ნაცარქექია, მგელი, გოჭები, წითელქუდა, კომბლე თუ ბაჭიები ნორჩ მაყურებელს სახალისო განწყობას უქმნიდნენ, სიმღერებითა და მხიარული ფრაზებით პატარებისაგან გულწრფელ აპლოდისმენტებსაც იღებდნენ. წარმოდგენას მეექვსე საჯარო სკოლიდან 75-მდე უმცროსკლასელი ესწრებოდა.
პრემიერას საპატიო სტუმრების სახით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. მათ საკუთარი ემოციები თოჯინების თეატრის შთაბეჭდილებების წიგნშიც აღბეჭდეს.
აღსანიშნავია, რომ თოჯინების თეატრი წელს საიუბილეო თარიღს, დაარსებიდან 45 წლისთავს აღნიშნავს. ამ ხნის მანძილზე არა ერთი ლამაზი წარმოდგენით გაუხარებია პატარების გულები. “ბატის ჭუკი,” “რუხი მგელი,” “გულადი ბაჭია,” “ოქროს წიწილა,” “დათვის წვეულება” და მრავალი სხვა სპექტაკლი ყოფილა ნაჩვენები თეატრის მიერ, მათი უმრავლესობის დადგმა და მუსიკალური გაფორმება სასახლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ნოდარ ვახტანგაძეს ეკუთვნის.
იმისათვის, რომ თეატრი სტაბილურად მუშაობდეს სასახლის პედაგოგების მონაწილეობით ჩამოყალიბდა უფროსების დასი, გარდა ამისა, აქვე ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი მოსწავლეთათვის, რომლებიც მომავალი წლიდან უკვე სხვადასხვა სპექტაკლებში მიიღებენ მონაწილეობას.
ტყიბულის თოჯინების თეატრი რესპუბლიკური ფესტივალის ლაურიატია და დაჯილდოებულია ოქროს მედლით.
ნათია მურუსიძე