„საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ ორგანიზებით 29 დეკემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში საახალწლო წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლი მეშახტეთა შვილებისთვის ჩატარდა და მას უამრავი ბავშვი დაესწრო. წარმოდგენაზე იმყოფებოდნენ ასევე მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი.

პატარების მასპინძელი ამ დღეს ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო. მათ მაყურებელს რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი „ხუთკუნჭულა“ წარუდგინეს. საყვარელი ზღაპრის გმირები შეეცადნენ საახალწლო განწყობა შეექმნათ იქ დამსწრეპატარებისათვის. წარმოდგენილი იქნა ასევე საცირკო ნომრები, საკუთარი შოუ გამართეს ილუზიონისტებმა და მხიარულმა ჯამბაზებმა, მოეწყო გასართობი თამაშებიც. სპეციალურად ტყიბულელი ბავშვებისთვის ჩამოვიდა სანტა კლაუსი, ელფები და ფიფქია.

ღონისძიების დასასრულს პატარებს ორგანიზატორებმა სიურპრიზიც მოუმზადეს. ფოიერვერკების ფონზე დარბაზში ათასფერი ბუშტი დაეშვა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი ყველა ბავშვმა საახალწლო საჩუქრებიც მიიღო.

თეონა ჯანელიძე