ყველასათვის, ვისაც ლიტერატურა, პოეზია და საერთოდ წიგნი უყვარს, ტყიბულში ლიტერატურული კაფე გაიხსნა. “მზიანი ღამე” – ასე უწოდეს კაფეს, რომელიც მომავალში იქნება საზოგადოების თავშეყრის ადგილი და ღია სივრცე, სადაც ადამიანებს კულტურულ და ლიტერატურულ ურთიერთობებთან ერთად, საშუალება ექნებათ დრო მეგობრებთან სასაუბროდაც გამონახონ. კაფეში ასევე დისკუსიები, კინოჩვენებები, პრეზენტაციები და ლიტერატურული საღამოები გაიმართება. პროექტის ავტორი დიანა ტურძილაძეა, ხოლო იდეა კი თენგიზ გაგოშიძეს ეკუთვნის.

  ლამაზი დიზაინის ფონზე, დარბაზში თავად ორგანიზატორთა სცენარით, რეჟისურითა და მხატვრული გაფორმებით სიგიჟესთან ხელჩაკიდებულ მარადიულ გრძნობაზე, თავიანთ სასიყვარულო ამბებზე გალაქტიონის, ტერენტი გრანელის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის და სხვათა გაცოცხლებული გმირები გვიყვებოდნენ. მოსწავლეების მიერ მიძღვნილი ლექსები, წარსულს აწმყოში გაცოცხლებული ემოციებით გადმოგვცემდნენ. ითქვა ყველაფერი, რისი თქმაც შესაძლებელი იყო, მარადიულ საფუძველზე აღმოცენებულ სიყვარულზე. ითქვა ემოციურად, მოწიწებით და მოკრძალებულად. ხაზი გაუსვეს, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება, უფრო მრავალფეროვანი და გამდიდრებული. ითქვა ისიც, რომ კაფე ყველა ნიჭიერ ბავშვს გააერთიანებს, იმათ, ვისაც ქართული საგანძური უყვარს და კარგად იცნობენ მის დიდმნიშვნელოვანებას. საფუძველი ჩაეყრება ძალიან ბევრ საინტერესო შეხვედრას, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან. სააშკარაოზე გამოიტანენ ყველაზე ნიჭიერების მიერ შექმნილ ჩანახატებს, ლექსებს და ნაწარმოებებს.

  ლიტერატურული კაფეს პრეზენტაციას უამრავი მოწვეული სტუმარი დაესწრო, მათ შორის იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. პროექტი ტყიბულში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი გაჭირვებაში” PIN-ის მიერ იქნა დაფინანსებული, ხოლო 30%-იანი თანადაფინანსება ადგილობრივმა თვითმმართველობამ განახორციელა. უნდა აღინიშნოს, რომ “მზიანი ღამე” ტყიბულში პირველი ლიტერატურული კაფეა.

 ამიერიდან საზოგადოებისათვის ლიტერატურული კაფეს კარი ყოველდღიურად 9 საათიდან 18 საათამდე ღია იქნება, შაბათ-კვირას კი იგი 12 საათიდან 18 საათამდე გელით. კაფე ყველა მსურველს უსასყიდლოდ მოემსახურება.

თეონა ჯანელიძე