„ქალები უდიდესი ნებისყოფით გამოვირჩევით, რომელიც საჭიროა ამ საქმეში“

როგორც ხედავთ, მარაგი არ გველევა, ჩვენო მკითხველო, იმ უნიკალური პროფესიისა და გასაოცარი შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა, რომლებიც გაგაცანით და შთაბეჭდილებებიც გაგიზიარეთ. დღეს გიამბობთ ქალბატონზე, დედაზე, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ამწეს მემანქანეა.

ქალის შესაძლებლობები უსაზღვროა, რასაც ქალბატონი ნატო კეთილაძე უკვე მრავალი წელია თავისი, ერთი შეხედვით კაცური პროფესიით, ამტკიცებს. ამ შეხვედრას მისი დატვირთული გრაფიკის გამო დიდი ხანი ვგეგმავდით. ის თავად გვიამბობს, თუ როგორ უწევს სამსახურში მეტალის კონსტრუქციასთან შეჭიდება, შემდეგ კი სახლში, საოჯახო საქმეებთან გამკლავება. გამოჩენილი ნებისყოფის და პროფესიონალიზმის წყალობით, აგერ უკვე 10 წელია ღირსეულად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას. ვრცლად მისი პროფესიის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
-ქალბატონო ნატო, მოგვიყევით თქვენი, ქალისათვის ასეთი არაორდინალური პროფესიის შესახებ…
-მე ყოველდღიურად ნოლ ჰორიზონტზე მიწევს შესვლა. ოთხი წელი დამხმარედ ვიმუშავე, ე.წ. კლეტზე, რომელსაც ხალხი ჩაჰყავს შახტში, ხოლო ექვსი წელია ნახშირი ამომაქვს. მეთერთმეტე წელია ამ საქმეს ვემსახურები. მორიგეობისას 6 საათიანი სამუშაო დღე გვაქვს, თითოეული წუთი და წამიც კი მოდუნების საშუალება არ გვაქვს. სამუშაოდ რომ შედიხარ, უნდა იყო მხოლოდ ამ საქმეზე კონცენტრირებული და გონება უნდა გქონდეს მობილიზებული, არ შეიძლება იქ უძილარი ან ნანერვიულები მიხვიდე, რადგან მთელი მუშაობის პერიოდში დაძაბული ხარ და არ გაქვს უფლება შეცდომა დაუშვა. ლიფტის მოძრაობას და თითოეულ მოქმედებას პულტით და სპეციალური მაჩვენებლების მიხედვით ვახორციელებთ, რომელიც მიჩვენებს იმ მომენტისთვის რომელ ჰორიზონტზე და წერტილშია ის. დაშვებაც უნდა განვახორციელო თავისი სისწრაფით, არც ჩქარა და არც ნელა. თუ მასზე ადამიანი ზის, მაშინ ამ მაჩვენებლების მიხედვით, უნდა დავრწმუნდე იმაში, რომ ის უკვე მშვიდობით გადავიდა. მე მხოლოდ მორიგე ზეინკლების გადაყვანა მიწევს. თუ რაიმე გაურკვეველია ან სიგნალი გაწყდება, ტელეფონის საშულებით ვუკავშირდებით და მდგომარეობის გარკვევის შემდეგ, ვიწყებთ მოქმედებას.
-პროფესიით ვინ ხართ?
-წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგია რუსეთში, ვლადიკავკაზში დავამთავრე. მართალია, მამა მეშახტე იყო და ჩემი დაც შახტზე მუშაობდა, მაგრამ ჩემი პროფესიის არჩევაში ამას გადამწყვეტი როლი არ უთამაშია. უბრალოდ მინდოდა და მაინტერესებდა ეს საქმე. ვფიქრობდი, რომ ლაბორატორიული სამუშაო ქალისთვის კარგი და საინტერესო იქნებოდა. თან ქიმია მიყვარდა ძალიან სკოლის პერიოდში.
– რა შეგრძნებები და ემოციები გახსენდებათ, თავდაპირველად, ამ საქმესთან შეჭიდებისას?
-შიში…მაგრამ არა შახტის, არამედ ამ საქმის სირთულის გამო. როდესაც პირველად მიმიყვანეს ამწესთან, არასასიამოვნო შეგრძნება მქონდა, როგორ უნდა გამერთვა თავი ამ საკმაოდ რთული საქმისთვის, თუმცა შევეჩვიე, ალღო ავუღე. მუდმივად დაძაბული ვიყავი მრავალტონიანი ლიფტის ტვირთვის დროს, მაგრამ, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად, მალე შიშის შეგრძნება დავძლიე და ყოველივე ეს, შედარებით, გაიოლდა.
– თუ გაიხსენებთ შემთხვევას, როდესაც კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა სამუშაოს შესრულების დროს?
-ამ საქმის კეთებისას ნებისმიერ მომენტში შეიძლება სახიფათო სიტუაცია შეიქმნას. გავიხსენებ ერთ შემთხვევას, ერთხელ, ზეინკალი გავუშვი დათვალიერებაზე, მაშინ ოთხი თვის დაწყებული მქონდა სამსახური. ჩასვლისას ზეინკალს სიგნალის ტროსი გაუწყდა და 200 ჰორიზონტს ქვევით დარჩა… როცა მის სიგნალს დააგვიანდა, მორიგე ოპერატორს დავუკავშირდი და ვთხოვე, ვითარების გარკვევა. ახალბედა ვიყავი და შიშმა შემიპყრო. თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. საკმაოდ გამოცდილი ზეინკალი იყო და რახან მე ახალბედა ვიყავი, ისე მოიქცა, რომ დრო არ დაკარგა და ახლომდებარე ჰორიზონტზე კიბით ჩავიდა. თავად დამიკავშირდა და ვითარება ამიხსნა. მსგავსი შიში და ნერვიულობა არასდროს გამომიცდია. საფრთხე ყოველ წუთშია – ვერ განსაზღვრავ.
– რა თანმდევი სირთულეები ახლავს ამ პროფესიას?
-ჩემი პროფესია, პირველ რიგში, სიფრთხილეს მოითხოვს, საჭიროებს კარგ მხედველობას, სმენას. ჩვენს სამუშაოს ჩვენს გარდა ვერავინ შეასრულებს. ძალიან საყურადღებოა იმ მხრივ, რომ ადამიანების სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, გადასაზიდია მძიმე, მრავალტონიანი ტვირთი, რისთვისაც სრული მობილიზაციაა საჭირო, მთელი დღის განმავლობაში. წამიერმა მოდუნებამ და ყურადღების გაფანტვამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.
-თქვენი ვაჟი რა პოზიციის არის თქვენ სამსახურთან დაკავშირებით? როგორც ქალი, როგორ ათავსებთ სამსახურს და სახლის საქმეს?
-საკმაოდ რთული იყო მისთვის ჩემი სამუშაო გრაფიკი. ჩემი მეუღლლე 18 წელია გარდაცვლილია და შვილი მარტომ გავზარდე. ყოფილა შემთხვევა, როცა ღამის მორიგე ვიყავი, სახლში მოსულს იმდენი საქმე დამხვედრია არ დამიძინებია და მერე ისევ სამსახურში წავსულვარ.
-რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც მარტოხელა დედისთვის ეს სამსახური?
-გადამწყვეტი და სასიცოცხლოა…
-გიყვართ თქვენი საქმე თუ ეს უფრო ყოველდღიური მოვალეობაა თქვენთვის?
-პირველ რიგში ერთადერთი შემოსავლის წყაროა ჩემთვის ეს სამსახური. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს, თითქმის ერთი დიდი ოჯახი ვართ და როგორ შეიძლება, შენი ოჯახი არ გიყვარდეს?! მე რომ შახტზე დავიწყე მუშაობა, ჩემი შვილი შვიდი წლის იყო, შეიძლება ითქვას, რომ მათმა თანადგომამ ბევრი რამ გადამატანინა იმ პერიოდში და დღემდე ასეა… პროფესიას რაც შეეხება, უნდა ითქვას რომ ქალისთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენ, ქალები უდიდესი ნებისყოფით გამოვირჩევით, რომელიც საჭიროა ამ საქმეში. პატივსცემას ვიღებთ როგორც უფროსებისგან, ასევე თანამშრომლებისგან. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ჩემი პროფესიის სირთულისა, სადამდეც შევძლებ მუშაობას, იქამდე ვიმუშავებ.

თეონა ჯანელიძე
გაზეთი „მეშახტის მაცნე“

გააზიარეთ