ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

8 აპრილს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მესამე საფეხურის კურსდამთავრებულებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ. აღნიშნული მიზნით ამ დღეს ტყიბულში თბილისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აფშილავა, ამავე ფაკულტეტის მენეჯერი ნიაზ ჯიქია და დიპლომების განყოფილების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათ 120-მდე კურსდამთავრებულს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი პირადად გადასცეს.
ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი უკვე 11 აპრილის ჩათვლით მეოთხე საფეხურზე მისაღები სტუდენტების რეგისტრაციასაც ახდენს. მესამე საფეხურის კურსდამთავრებულებს კი უფრო მაღალი კვალიფიკაციის მისაღებად შიდა გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ამით ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს კიდევ სამი სპეციალობის 65 სტუდენტი შეემატება.
მეოთხე საფეხურზე სწავლა 12 მაისამდე დაიწყება და მისი ხანგრძლიობა ათი თვეა. სწავლას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს და სტუდენტები აქ განათლებას სრულიად უფასოდ მიიღებენ. ახალი ნაკადის მიღება ინსტიტუტში კი შემოდგომაზე კვლავ იგეგმება.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.