ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით – საჯარო შეხვედრა, მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა, სადაც თემურ ჩუბინიძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წელს მუნიციპალიტეტში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 6 463 517 ლარით 135 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, თერთმეტ სოფელში შიდა გზები მოეწყო ბეტონის საფარით, რეაბილიტირდა ბაღები, სკოლები, ლიფტები, ამბულატორიები, მრავალბინიანი კორპუსების სახურავები, ქალაქის 43 ქუჩაზე და ტყიბული-ქუთაისის გზატკეცილზე გარე განათების ქსელი, სადაც ძველი სანათები ახალი თანამედროვე ტიპის დიოდური სანათებით ჩანაცვლდა.

წელს პირველად სამ სოფელში გაიხსნა საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს გელათის მონასტერთან მისასვლელი ძველი გზის, ტყიბულის N2 და გელათის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის 9 კმ-ანი, მაგისტრალის მოწყობა და რეზერვუარების მშენებლობა, სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით, გაზსადენის მოწყობა ხრესილში, ახალსოფელში, ორპირში, გელათსა და მოწამეთაში.

სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე ხორციელდება მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა და ორპირი-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის 15,7 კმ-ანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

2020 წელს დაგეგმილია ქალაქისა და სოფლის შიდა გზების, ამბულატორიების, ბაღების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოებისა და ფასადების რეაბილიტაცია.

მერი თავის ანგარიშში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ პროგრამებსაც შეეხო. უფასო სასადილოსა და სოციალური სამრეცხაოსთან ერთად, ისაუბრა ,,ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ და მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტის – ,,ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი“-ს შესახებ, რომლის ფარგლებშიც 30 ბენეფიციარს თვეში ოთხჯერადი ინტენსივობით მიეწოდებათ საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების კომპლექსი.

თემურ ჩუბინიძემ მოხსენების დროს, ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ მომზადდა ,,ცხრაჯვარის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა და მისი რეალიზაციის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პოტენციურ ინვესტორებთან.
ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.