19 სექტემბერს ტყიბულში დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია “ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა!” გაიმართა. აქცია ჩვენს ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაცია “დავასუფთაოთ საქართველოს” ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები და მოხელეები მონაწილეობდნენ.
საქართველო უდიდეს საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას წელს უკვე მეხუთედ უერთდება. აღნიშნული აქცია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით 1992 წელს დაიწყო და ყოველწლიურად მსოფლიოს 120 ქვეყანაში იმართება. დასუფთავების კამპანიაში წელს ჩვენს მუნიციპალიტეტთან ერთად სხვა მუნიციპალიტეტებიც მონაწილეობდნენ.
დასუფთავების კამპანია სამი დღის მანძილზე გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების შემცირებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
თეონა ჯანელიძე