21 სექტემბერს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს. ამ დღეს ტყიბულის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ აღავლინა.

წმინდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ _ “წმიდაი იყო წყაროი იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა” (წმინდა თეოდორე სტუდიელი). წმინდა იოკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და ხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

ერთ_ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, იოაკიმეს უშვილობა წამოაძახეს და უფლება არ მისცეს, პირველს შეეწირა მსხვერპლი.
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ დადგმულ კარავში, უჭმელ-უსმელმა მხურვალე ლოცვაში გაატარა ორმოცი დღე და ღამე.

წმინდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ქალი თითქმის არავის ეჩვენებოდა. ერთ დღეს უშვილობა თავისივე მხევალმაც წამოაყვედრა. მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: “ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი”. ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება _ შეეძინებოდა შვილი, რომელიც ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისთვის შეეწირა, რათა მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი მსახური ყოფილიყო. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მამა გახდებოდა.

იოაკიმე შინისკენ გაეშურა, მწყემსები იხმო და საზვარაკე ცხვრის მომზადება უბრძანა. ანა მას შინ ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსთან ერთად მომავალი მეუღლე, მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.

ცოლ-ქმარს ქალი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.
ღვთისმშობლობას საზეიმო წირვა-ლოცვას ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან ტყიბულელ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

თეონა ჯანელიძე