ჩვენს რაიონში საფუძველი ჩაეყარა არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას „ნაბიჯი-ტყიბული“, რომლის მიზანია მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რესოციალიზაცია და საზოგადოებასთან ადაპტაცია.

ამ მიზნით შეიქმნა დღის ცენტრი, რომელიც მოემსახურება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს. Oორგანიზაციის დამფუძნებელი გიგა სოფრომაძეა, რომელსაც 4 წლის ასაკიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და 18 წლის ასაკში I ჯგუფის ,,ინვალიდის” სტატუსი მიენიჭა.

სწორედ იმიტომ, რომ განსაკუთერებული საჭიროების მქონე პირების პრობლემები მისთვის უცხო არ არის, გიგა სოფრომაძემ მათ დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო მდგომარეობის შესწავლა და ჩამოაყალიბა აღნიშნული ორგანიზაცია.

ცენტრის გასახსნელად, სტანდარტების, შენობის მდებარეობის, ფართის და კონსტრუქციის გათვალისწინებით შეირჩა ძმები ვარდოსანიძეების ქუჩაზე მდებარე, ყოფილი მე-8 საბავშვო ბაღის შენობა. შენობის იჯარით გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს გამგეობასთან.

მარტის თვის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 1600-ზე მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ცხოვრობს, აქედან 35 არასრულწლოვანი. მათი უმრავლესობა კი სოციალურად დაუცველია.

ელისო ჭანტურიძე