სხდომამ, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი წარმართავდა, თექვსმეტი გეგმიური საკითხი დაამტკიცა.

საფუძვლიანი განხილვა მოჰყვა ზამთრის სეზონისადმი მზადების საკითხს, რომელიც მოსახლეობისადმი ელექტროენერგიის, ტელე-რადიო მაუწყებლობის გამართულ მიწოდებას, სავალი გზების თოვლისაგან გაწმენდას და შეუფერხებელი მოძრაობის გარანტიის შექმნას ითვალისწინებს.

ინფორმაცია ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით კომუნალური გაერთიანების დირექტორმა გია ბოჭორიშვილმა, საგზაო სამსახურის უფროსმა რომან მაწკეპლაძემ და `ენერგო-პრო-ჯორჯიას~ წარმომადგენელმა ბადრი ტოფაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაწოდეს.

სოფლების მუხურის, სოჩხეთის, კურსების, ხრესილის, ცუცხვათის, ციხია-ბობოთისა და საწირის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ისევ არსებობს ენერგოსისტემაში, აქვე დაისახა ამ პრობლემების გადაჭრის უმოკლესი გზები.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის პროგრამული ბიუჯეტის დადგენილებაში გარკვეული სახის ცვლილებები შეიტანა. საფინანსო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ წელს ბიუჯეტი 575 ათასი ლარით გაიზრდება, რაც პრიორიტეტული საკითხების პრობლემების მოგვარების საშუალებას მოგვცემს.

საკრებულოს შემადგენლობამ იმსჯელა და დაამტკიცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხა და განსაზღვრა სხვა მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები, ამავე სხდომაზე თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტატო კომისიის დებულება დამტკიცა და კომისიის თავმჯდომარის დანიშვნაც მოხდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი ნანა რაზმაძე