“დაბრუნება სოხუმში” – ასე ერქვა სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 26 სექტემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა. სპექტაკლი სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა, რომლის დადგმის იდეა რეჟისორ ლალი კუბლაშვილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე გაუჩნდა.
სპექტაკლის დაწყებამდე ყველა ის ტყიბულელი და არამარტო ჩვენი ქალაქიდან წასული მეომარი გაიხსენეს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ. მათ უკვდავსაყოფად მუნიციპალიტეტის თეატრმა კრებულიც გამოსცა. ლალი კუბლაშვილის ინიციატივითა და გულნაზ ტუკვაძის დახმარებით კიდევ ერთი წიგნი გამოიცა, იგი იმ ერთადერთი მეომარი ქალბატონის ცხოვრების ისტორიას ასახავს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტიდან იყო. ლელა ცირეკიძე მართალია ბრძოლის ველზე არ დაცემულა, თუმცა ის იარაღით ხელში სამშობლოს დამცველთა რიგებში იდგა. ამ დღეს მუნიციპალიტეტის თეატრის სახელით წიგნის ერთი ეგზემპლარი ლელას დედას გადაეცა.
სპექტაკლი რეჟისორმა გურამ ოდიშარიას რომანის მიხედვით – “დაბრუნება სოხუმში”, შექმნა. ერთმოქმედებიანი დრამა ყველა იმ დევნილი თუ იძულებით გადაადგლებული ადამიანის ტკივილს, ნაფიქრალსა და ყოველდღიურობას გადმოსცემდა, რომელიც თითოეულ მათგანს წლების გასვლის მიუხედავად უმძიმს და ახსოვს. მთავარი მოქმედი გმირის, დევნილი შამუგიას როლი სპექტაკლში ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობმა მარინა ბრეგაძემ მოირგო. მან მაყურებლამდე ის განცდები მიიტანა, რაც საკუთარ ქვეყანაში დევნილადქცეულ ადამიანებს გააჩნიათ. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ასევე ქორეოგრაფილმა ანსამბლებმა “ცხრაჯვარმა” და “ოკრიბამ”. მასში გამოყენებული იქნა აგრეთვე სქიმანქიმანდრიტ სერაფიმეს გალობა ქრისტეს ენაზე.
პრემიერას მაყურებელთა რიგებში იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. საგანგებოდ ამ დღისათვის აბასთუმნიდან ჩამოვიდნენ დედათა მონასტრის დედები.
სპექტაკლის პრემიერამ ცრემლებისა და ემოციის ფონზე ჩაიარა.
თეონა ჯანელიძე