10-11 მარტს წყალტუბოში გაიმართა საინფორმაციო სემინარი, რომელსაც საქართველოს ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის ოცზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
სემინარის მონაწილეები გაეცნენ წყალდიდობის რისკებსა და მართვის პრაქტიკას დასავლეთ საქართველოში. ჟურნალისტებმა მოინახულეს რიონის აუზში განლაგებული სოფლები – საჯავახო, იანეთი და ზარათი, სადაც საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვის მიზნით მიმდინარეობს ნაპირდაცვითი და აგრომეტყევეობის სამუშაოები.
სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით.
სემინარის მონაწილეებს შეხვდნენ ნილს სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, და გიგლა აგულაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ისინი ჟურნალისტებთან ერთად ეწვივნენ რიონის აუზის სოფლებს, დაათვალიერეს ნაპირდაცვითი სამუშაოები და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
“რიონის აუზის 200 ათასი მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან მიზნად ისახავს წყალდიდობის მართვის ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რომელიც დაიცავს ადამინებს წყალდიდობის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში და ეკონომიკურ განვითარებასაც შუწყობს ხელს“, – თქვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ნილს სკოტმა.
2012 წლიდან, ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიგეგმა და ნაწილობრივ განხორციელდა რიონის აუზის 10 მაღალი რისკის ზონაში. აგრომეტყევეობა, ანუ მცენარეული საფარის შექმნა მდინარის ნაპირების ეროზიისაგან დაცვის მიზნით, მიმდინარეობს 11 სოფელში, რამაც დასაქმების შესაძლებლობა შეუქმნა 160 ადგილობრივ მაცხოვრებელს. დამონტაჟდა 35 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო. გარდა ამისა საფუძველი ჩაეყარა დატბორვის ტერიტორიების ზონირების პოლიტიკის დანერგვას, ამინდის ინდექსზე დაფუძნებული წყალდიდობის დაზღვევის შემოღებასა და ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას, შემუშავდა რეკომენდაციები სამშენებლო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ.
„რიონის აუზი წყალდიდობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა დასავლეთ საქართველოში. აქ შემუშავებული და გამოცდილი მოდელები შეიძლება დაინერგოს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც მაღალია წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკი და საფრთხე ექმნება ადგილობრივ მოსახლეობას“, – თქვა გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა.
წლადიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის ინიციატივა ხორციელდება მდინარე რიონის აუზის ექვსს მუნიციპალიტეტში (სამტრედია, წყალტუბო, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური). 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროექტი დაიწყო 2012 წელს და დასრულდება 2016 წლის ბოლოს.
UNDP საქართველოში
ფოტოების ავტორი: ანკა გუჯაბიძე/UNDP