გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და ის ამერიკის საელჩოსა და მსოფლიო ბანკის ფინასნური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძრის სახურავს, შეიცვალა ძველი თუნუქი, რომლითაც საბჭოთა კავშირის პერიოდში გადახურეს ტაძარი. თუნუქი ჩაანაცვლეს მოჭიქული კრამიტით.

„ტაძრის გადახურვა გათხრების დროს აღმოჩენილი კრამიტის მსგავსი მასალის გამოყენებით ხდება. მოჭიქული კრამიტი იგივე ტრადიციითა და ტექნოლოგიით დამზადდა, როგორსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტაძრების გადახურვისთვის”, – აღნიშნა რესტავრატორმა სანდრო რუბაშვილმა.

ტაძარში მიმდინარეობს ქვის კონსერვაცია, მანამდე მოხდა ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები, ასევე დასრულებულია გუმბათის მთელი პერიმეტრის გადახურვა და მოწესრიგება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტაძრის რესტავრაცია მიმდინარე პროცესია და იგი შესაძლებელია კიდევ რამდენიმე ეტაპად გაგრძელდეს. რესტავრაციის მეხუთე ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.

“ინტერპრესნიუსი” www.interpressnews.ge