უკვე მესამე წელია ტყიბულში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც გარდამავალი პროექტის ფარგლებში შპს “სერვისი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება მილიონნახევარი ლარია და იგი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.
სატენდერო ვალდებულებებში ქალაქის rრამდენიმე ქუჩაზე წყალსადენის ქსელის შეცვლა, ასევე გამწმენდი ნაგებობისა და წყლის რეზერვუარების რეაბილიტაცია და სკადას სისტემის დანერგვაა ჩადებული. თუმცა როგორც ირკვევა, კომპანიის საქმიანობით მოსახლეობაცა და ადგილობრივი ხელისუფლებაც ერთნაირად უკმაყოფილოა, რისი მიზეზიც გადათხრილი და ატალახებული ქუჩები და უბნებამდე მისასვლელი ჩაკეტილი გზებია.
უხარისხოდ შესრულებლი სამუშაოსა და დროში გაწელილი პროცესის გამო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ არა ერთი წერილით მიმართა დამკვეთს _ მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის წარმომადგენლებიც რამდენიმე დღის წინ ტყიბულში იმყოფებოდნენ და პირობა დადეს, რომ უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება ის დისკომფორტი, რაც შპს “სერვისის” საქმიანობით ადგილობრივ მოსახლეობას მიადგა.
აღსანიშნავია, რომ ტენდერის პირობების თანახმად პროექტი მიმდინარე წლის 4 მარტს დასრულებული უნდა იქნეს.
ნათია მურუსიძე