მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.
“ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით –
1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;
2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;
ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:
1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;
• მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
• ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.