ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით – ახალგაზრდებს სწავლის წარჩინებით დასრულება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და შესაბამის სერტიფიკატებთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინე კორძაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ.

სპეციალური სიგელებით, ასევე, დაჯილდოვდნენ სკოლის დირექტორები. მედალოსან კურსდამთავრებულებს, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.

,,ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ პირველი მნიშვნელოვანი წარმატება თქვენს ცხოვრებაში. თქვენ დღეს ჯილდოვდებით ოქროსა და ვერცხლის მედლებით, ეს არის ფრიად სიმბოლური ჯილდო, მაგრამ ამის მიღმა გაცილებით ღირებული ჯილდოა, რომელიც მომავალი განვითარებისათვის უზარმაზარ საფუძველს გაძლევთ. მინდა მივულოცო მშობლებს თქვენი წარმატება და შევუერთდე მათ სიხარულს, მათთან ერთად კი – თქვენი სკოლის პედაგოგებსა და ხელმძღვანელებს. თქვენ უკვე ისეთი საფუძველი გაქვთ ჩაყრილი თქვენივე მომავლის განვითარებისათვის, რომლის შენელებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მინდა გავიხსენო ცნობილი გამონათქვამი: განათლება ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც აძლევს შანსს მეშახტის შვილს გახდეს პროფესორი, ფერმერის შვილს – გახდეს პრეზიდენტი… ცხოვრების ყველა ეტაპზე განათლება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის განვითარებისათვის. ამავე დროს, მხოლოდ თეორიული ცოდნა არ ნიშნავს მეგობრებო განათლებას, არამედ უნარებისა და ჩვევების განვითარებას, ზნე-ჩვეულებების დახვეწასაც მოიცავს. როცა ამ ყველაფერს ის მაღალი ღირებულებაც ემატება, რასაც შენი მიწა-წყლის სიყვარული ჰქვია, მაშინ ერთი ასად იქნება დაფასებული თქვენი საქმიანობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იმ ნაწილშიც, რომ ის არის სტიმული, რათა თქვენ მუდამ გახსოვდეთ – შრომას, მონდომებას და მიზანსწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი. გისურვებთ, რომ თქვენი ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი მოიცავდეს არა მარტივი გზების ძიებას, არამედ, იყოს გაჯერებული შრომისა და თავდადების შედეგებით. სწორედ ასეთი გზით მიღებული შედეგები იქნება კიდევ და კიდევ თქვენი ახალი წარმატებების საწინდარი და მნიშვნელოვანი მოტივატორიც,“- მიმართა დავით ჩერქეზიშვილმა ახალგაზრდებს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წელებში გამოვლინდა 46 მედალოსანი, მათგან 37 ოქროს და 9 ვერცხლის მედლის კანდიდატი.