ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან პარტნიორობით დაიწყო პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ განხორციელება.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებს (ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა და აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებმა მოაწერეს.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, საკრებულოს, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები, საკრებულოს გენდერული საბჭოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრები.

პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.