სტიქიის გამო ტყიბულის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ძლიერი ქარისა და ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გზები.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარების გამო დაზიანდა სოფლების ჯვარისისა და ხორჩანას შიდა სასოფლო გზები და აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ასევე, ელექტრო გადამცემი ხაზები, სოფლების ნაწილს ელექტრო ენერგია ამ დრომდე ვერ მიეწოდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მუნიციპალიტეტში სტიქიური მდგომარეობის გამო ტყიბულის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს დღეს ადგილზე გაეცნო და დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად იყვნენ ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, რომელიც ხვალ დილიდან ისევ განახლდება. მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

მუნიციპალიტეტში ამდროისთვის ისევ გადაუღებლად წვიმს და ქარია.