24 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით იმერეთის რეგიონში – თერჯოლის, სამტრედიისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი 24 ივნისს თერჯოლაში გაიხსნა, სადაც 24-25 ივნისს გაიმართა ფილმების ჩვენება. შემდეგ ფესტივალის ფარგლებში 25-26 ივნისს ფილმები ტყიბულში აჩვენეს, ხოლო 29-30 ივნისს – სამტრედიაში.
დღეს “იმერეთის დოკუმენტური ფილმების” ფესტივალი ტყიბულში “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში” საზეიმოდ დაიხურა, სადაც სამივე რაიონის წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ და ფესტივალის დახურვა აღნიშნეს.
ფესტივალის განმავლობაში მაყურებელმა ნახა 5 დოკუმენტური ფილმი: “ხიდი ვადიზე”, “შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან”, “ელენეს ყურებით”, “ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა” და “შემოდგომის ოქრო”. ფილმების ჩვენებას რეგიონში 800-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ფესტივალი განხორციელდა ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პროექტის – “გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში. ფესტივალს ორგანიზება თერჯოლის, სამტრედიისა და ტყიბულის ახალგაზრდულმა ცენტრებმა გაუწიეს.