ქუთაისში ევროპის სამეზობლოს პროგრამის – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) და მისი განმახორციელებელი პარტნიორების – ქეა ინტერნეიშენალი კავკასიაში (Care-Caucasus), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ,რეგიონული განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ჩაის სექტორის პირველი რეგიონალური ფორუმი გაიმართა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე, ჩაის სექტორში ჩართული ფერმერები და კოოპერატივების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმზე აქცენტები ჩაის წარმოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე გაკეთდა. მონაცემების მიხედვით, 2014 წელს შავი ჩაის ექსპორტის ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში 1,377 მლნ აშშ დოლარია, მაშინ როდესაც, იმპორტირებული შავი ჩაის ღირებულება 8,008 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ფორუმზე სოფლის მეურნეობის მინიტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ჩაის პლანტაციების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სამინისტროში შექმნილი ჩაის დარგის შემსწავლელი კომისიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული კომისიის მიზანს მეჩაიეობის დარგში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა, კვლევა, ანალიზი და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება წარმოადგენს.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას დარგის ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამორტიზებული და გადაზრდილი ჩაის პლანტაციების აღდგენა-განახლებას. საგულისხმოა, რომ 1 ჰექტარის რეაბილიტაციას, საშუალოდ, 30 000- 32 000 ლარი სჭირდება, ამიტომ, სწორად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. ძირითადი სამუშაოები ჩატარდება გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში“, – აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ჩაის სექტორის განვითარებაში კოოპერაციის როლზე ისაუბრა.
„ვინაიდან ჩაის დარგის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებაა, კოოპერაცია დარგში ჩართულ ფერმერებს საშუალებას მისცემს ნაკლები დანახარჯით ისარგებლონ აღნიშნული სერვისებით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ფერმერთა გაერთიანებით, მეტი შესაძლებლობა ჩნდება ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოს შექმნისთვისაც“, – აღნიშნა გიორგი მიშელაძემ.
ფორუმზე ჩაის კოოპერატივის „ჩიბათი“ თავმჯდომარემ მონაწილეებს ჩაის მცირე გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის გეგმა გააცნო. აღნიშნულმა კოოპერატივმა ENPARD-ის ტექნიკური დახმარება 2015 წელს მიიღო, რომლის ფარგლებშიც ჩაის მოძველებული გადამამუშავებელი საწარმოს რეაბილიტაცია მიმდინარეობას. ახალი საწარმო აღიჭურვა უახლესი დანადგარებით, რომელიც ჩაის წარმოების სრულ ციკლს მოიცავს. ახალ საწარმოს მწვანე ჩაის წარმოების შესაძლებლობა ექნება. კოოპერატივის თავმჯდომარის განცხადებით, კოოპერატივის „ჩიბათი“ და ჩაის მწარმოებელი 5 კოოპერატივის მიერ მეორე დონის კოოპერატივი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც წარმოების პროცესის სრული ციკლის განხორციელება მოხდება.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩაის სექტორში ჩართული კოოპერატივების წარმომადგენლები და წარმატებული ბიზნესმენები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩაის რეალიზაციისთვის ადგილობრივ ბაზარს აქვს დიდი პოტენციალი, თუმცა უმნიშვნელოვანესია სხვა ბაზრების მოძიება. წარმატებული ჩაის კომპანიების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ჩაის რეალიზაციისთვის აუცილებელია ხარისხიანი ჩაის ნერგები და კუპაჟის დახვეწილი ტექნოლოგიები.
ფორუმის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მცირე და მსხვილი ფერმერებისთვის დარგის განვითრების მიმართულებით საინტერესო შეთავაზება ექნება.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ პლანტაციების არა მარტო მდგომარეობის, არამედ მისი საკუთრების ფორმის საკითხებზე. ჩვენ მეწარმეეთან და ფერმერებთან ერთად უნდა მოვძებნოთ ყველაზე ოპტიმალური, ეფექტიანი და საინტერესო გზა დარგის გასავითარებლად. ქართულ ჩაის აქვს პოტენციალი იყოს ე.წ. ბრენდული პროდუქტი და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ჩაის სექტორის რეგიონალური ფორუმი იყო პრიველი ნაბიჯი, რომელიც დარგის განვითარებისთვის გადაიდგა. უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს კომისიის მუშაობის შედეგებსა და სამოქმედო გეგმის დეტალებს გააცნობს.