წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვება გაიმართა 12 თებერვალს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში.მათთვის საჩუქრად გადასაცემი მხატვრული ლიტერატურა საკრებულომ და გამგეობამ საგანგებოდ წინასწარ შეიძინა. აღნიშნული სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები ცხრა ოქროსა და ათი ვერცხლის მედალოსანთან ერთად იმ მოსწავლეებსაც გადაეცათ, რომლებმაც სასწავლო საგნობრივ ოლომპიადაში გარკვეული შედეგები მიიღეს. მათთან ერთად დაჯილდოვდნენ ასევე 100%-იანი გრანტის მფლობელებიც. სამახსოვრო სიგელები ამ დღეს ყველა წარმატებული მოსწავლის მშობელმაც მიიღო. სიგელები გადაეცათ საჯარო სკოლების დირექტორებსაც.
საჩუქრები მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და სკოლის ხელმძღვანელებს ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად გადასცა.
ტყიბულის მაჟორიტარმა მუნიციპალიტეტის წარმატებულ მოსწავლეებს უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უსურვა. წარმატებები უსურვეს მათ ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ცნობილაძემ და გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ.
საჩუქრები ამ დღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 59-მა მოსწავლემ მიიღო.
თეონა ჯანელიძე