ტყიბულში, მინდელის შახტში დღეს ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა.
აღნიშნული ჯგუფი მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას 5 კვირის განმავლობაში შეისწავლის.
მათთან ერთად იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ექსპერტების თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა მას შემდეგ იქნება ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სამმხრივ კომისიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტყიბულის შახტში გახშირებული უბედური შემთხვევის გამო, შრომის უსაფრთხოების საკითხები საექსპერტო კომპანია „დი ემ ტი“–მ შეისწავლოს, რომელსაც სამთო მიმართულებით 140- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
„დღეს ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ საერთაშორისო გერმანული კომპანიის ექსპერტებით. ასევე, პროცესში ჩვენი მხრიდან ჩართულია ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში შახტში არსებულ მდგომარეობას მონიტორინგსა და აუდიტს გაუწევენ. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული, თუ რა პრევენციული ღონისძიებებია მისაღებია შახტში ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.