ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მდინარეში ყრის.
სანაპიროზე ძლიერი დანაგვიანების არა ერთი კერაა. ანტისანიტარიის გამო ზოგიერთ ადგილზე გაუსაძლისი სუნია.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ნაგავს თავად ყრიან და მიზეზად იმას ამბობენ, რომ სოფელში სანაგვე ურნა არსად დგას.
ლენტეხის მერიაში აცხადებენ, რომ მართალია სოფლებისთვის საკმარისი კონტეინერები და ორი ნაგავმზიდიც შეიძინეს. თუმცა, მათი დადგმა და სოფლიდან ნარჩენების გატანა, უგზოობის გამო, ვერ ხერხდება. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელსაც დაბინძურების ფაქტების გამოვლენა ევალება, 2 წლის განმავლობაში, მხოლოდ ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. დამრღვევ პირებს კი სასამართლომ, ფულადი ჯარიმის ნაცვლად, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
რეზიკო სოფელ ხელედის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა. მას არ მოსწონს, რომ თანასოფლელები ნაგავს მდინარეში ყრიან. პატარამ იცის, რომ ეს გარემოსთვის საზიანოა.
„ბალახსაც გააფუჭებს მერე წვიმა. ზოგჯერ საქონელს დაავადება გაუჩნდება და შეიძლება, ჩვენც
დაავადება გაგვიჩნდეს,“ – ამბობს გუგა.
ის მდინარის დაბინძურებას, ჯერჯერობით, მხოლოდ მშობლებს უკრძალავს. თუმცა, გუგა გვიყვება, რომ უფროსები ხან უჯერებენ, ხან – არა. პატარა ხელედელი გამოსავალს სოფელში სანაგვე ყუთების განთავსებაში ხედავს.
ის, რომ თავად ანაგვიანებენ გარემოს, უფროსები არ უარყოფენ. ლალი გაზდელიანი ამბობს, რომ მოსახლეობა მდინარეში ნარჩენებს, ურნების არარსებობის გამო, ყრის.
ჯეირან გვიჭიანი კი გვიხსნის, რომ სოფელში ნაგვის დასაყრელად სპეციალური ადგილი გამოყოფილი არ არის. მისივე თქმით, ადგილობრივები ადრე მდინარეს პერიოდულად ასუფთავებდნენ.
„ახლა მეტი იყრება და საქმე ნაკლები კეთდება,“ – ამბობს ჯეირან გვიჭიანი.
ლენტეხის მერის წამომადგენელი სოფელ ხელედის ტერიტორიულ ერთეულში, ანა ბენდელიანი გვისხნის, რომ მდინარის დაბინძურება მისთვის მტკივნეული საკითხია. მისივე თქმით, სოფელში ურნების განთავსებაზე მეტად დიდი პრობლემა, აქედან ნარჩენების გატანაა.
„სანაგვე ურნები რამდენჯერმე გამოიყო ჩვენთვის, მაგრამ პრობლემა ნარჩენების ტრანსპორტირებაა. დაბა ლენტეხიდან 7 კილომეტრზე ვართ დაცილებული და ტრანსპორტის დანიშვნა, მწირი ბიუჯეტის გამო, ვერ ხერხდება. ჩვენი ძალებით არაერთხელ დავასუფთავეთ მდინარე, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან ხდება დანაგვიანება. მოსახლეობასაც ვაფრთხილებთ, რომ არ დაანაგვიანონ, მაგრამ ერთიდაიგივე მეორდება და სულ სანერვიულო საკითხია,“ – ამბობს ანა ბენდელიანი.
სოფელ ხელედში მდინარის დაბინძურების შესახებ ინფორმირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტიც, რომელსაც ნაგვის ურნებიც საკმარისი აქვს და ნაგავმზიდებიც. ისინი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხით შეისყიდეს. ორი ახალი ნაგავმზიდის შეძენისთვის მათ მგფ-დან 478 000 ლარი მიიღეს, სესხის დაფარვას მუნიციპალიტეტი 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს.
თუმცა, ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი განმარტავს, რომ მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები სოფელ ხელედში, მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო, ვერ იმოძრავებენ.
„ასფალტირებული გზა თუ არ არის, მანქანები ვერ მიდის. იმ სოფლებში, სადაც გზა მოწესრიგებულია, ნარჩენების გატანის პრობლემა არ არის. ძვირადღირებული ტრანსპორტია და რისკის ქვეშ დგება მათი გადაადგილება, ამიტომ ვიკავებთ თავს, ჯერჯერობით. არ არის სახარბიელო მდგომარეობა, ვცდილობთ გამოვნახოთ სხვა მანქანა, რომელიც კვირაში ერთხელ ავა სოფელში,“ – განმარტავს ბადრი ლიპარტელიანი.
ლენტეხის მერი ვერ ასახელებს ზუსტ დროს, თუ როდის მოწესრიგდება სოფელ ხელედში გზის საფარი, თუმცა ამტკიცებს, რომ მანამდე ნარჩენების გატანისთვის ალტერნატიული საშუალება გამოიძებნება.
მდინარეების ნარჩენებით დაბინძურებისთვის ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპატრამენტი ახორციელებს. უწყებიდან მიღებული ოფიციალური წერილით, ირკვევა, რომ ლენტეხში, კონკრეტულად ამ დარღვევისთვის, 2017-2018 წლებში სამართალდამრღვევი სულ 2 ფიზიკური პირი გამოვლინდა.
დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის 13 სექტემბერს ერთ-ერთმა მათგანმა მდინარე ხელედულაში ბეტონმზიდი გამორეცხა და მიღებული მასა სანაპიროზე დაღვარა. 11 ივნისს კი 2 კბ. მეტრამდე მუნიციპალური ნარჩენი, ასევე ფიზიკურმა პირმა, მდინარე ცხენისწყალზე ავტომობილით მიიტანა და დაყარა.
ორივე დარღვევაზე საქმე ლენტეხის მაგისტრატმა სასამართლომ განიხილა. თუმცა, სამართალდამრღვევები მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს, მაშინ როდესაც კანონმდებლობა ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს.
“ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც საქართველოში 2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა, 1 კბ.მეტრზე მეტი ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის, ფიზიკური პირის 300 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
დეა მანაგაძე