საქართველოში პირველად იმერეთის დიდი მეფის სოლომონ I-ის ძეგლი 14 დეკემბერს, ხრესილის გმირობიდან 266 წლისთავზე ტყიბულში გაიხსნა. ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ტყიბულში სოლომონ პირველის მოედანზე გაიმართა.
საზეიმო ღონისძიება მსვლელობით დაიწყო, რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობა, სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ჩოხოსნები და გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოლომონ პირველის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელმაც ძეგლის დადგმის საქმეში გამოვლენილი მაღალი შემოქმედებითი უნარებისა და პროფესიონალიზმისათვის მხატვარ – მოქანდაკე, სოლომონ I-ის ძეგლის ავტორი გიორგი კიკვაძე დააჯილდოვა.
ხრესილების სახალხო დღესასწაულის დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, დაჯილდოვდნენ ხრესილის საჯარო სკოლის პედაგოგები: ნარგიზა ლომთაძე და ელენე ზარნაძე.
სოლომონ პირველის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ტყიბული-თერჯოლის ეპარქიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.